დაწყებითი კლასების პედაგოგი, ხელსაქმის ოსტატი
ხელსაქმე ბავშვობიდან მიზიდავდა. ჩემს ოჯახში ხშირად ვხედავდი მამიდას, რომელიც უსაქმოდ არასდროს ჩერდებოდა. საუბრის დროსაც კი ხელში საქსოვი ეჭირა და სხვადასხვა ლამაზ სამოსს ქმნიდა. ალბათ, მაშინვე შემიყვარდა ეს საქმეც. მას მერე ხელსაქმე ჩემთვის ყოველთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი იყო. თავისუფალ დროს სულ ვკერავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი, ვაკეთებდი ბისერებით სამკაულებს. მერე კი ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდაც მექცია-მეთქი. ასე დავიწყე ქართული თავსაბურავების და ყაბალახების კერვა მამაკაცებისთვისაც, ქალებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
ფონდ „სოხუმში“ მოსვლა იმან გადამაწყვეტინა, რომ პირადად ვიცნობდი ფონდის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების რამდენიმე ბენეფიციარს. მათი გამოცდილება ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ვიფიქრე, მეც უნდა მეცადა, მეც უნდა დამეწერა პროექტი-მეთქი. საბოლოოდ ეს ნაბიჯი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებულიც აღმოჩნდა.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, პირველ რიგში, მომცა ცოდნა, მხარდაჭერა, შესაძლებლობა და უნარები, რომ ჩემი ოცნება რეალობად მექცია. ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო თბილი, შემეცნებითი და მონაწილეების საჭიროებებზე მორგებული შეხვედრები. ფონდის დახმარებით მივიღე გრანტიც, რითაც შევიძინე ჩემთვის საჭირო ინვენტარი - საკერავი მანქანა, ავერლოკი და სხვადასხვა ქსოვილი. ეს ყველაფერი ჩემი საქმიანობის განვითარებაში ძალიან დამეხმარა.
მე მგონია, ძლიერი ქალი მართლა ოჯახის და ქვეყნის საყრდენია. ამიტომ სხვა ქალებს ვურჩევ, რომ არ შეუშინდნენ საკუთარ სურვილებს, ეძებონ სიახლეები, იფიქრონ განვითარებაზე და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაზე. თუ მონდომება გაქვს, შეუძლებელი ნამდვილად არაფერია.