ისტორია N24
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





მე არ ვიცი მანქანის მართვა. ამ დროში ცოტა უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ მეტი უხერხულობებიც მქონია. ჩემი არჩევანია და ვფიქრობ, რომ ეს უნარი არ მაქვს. მიყვარს, როცა ფეხით დავდივარ ქუთაისის უბნებში და ყველა სასურველი მონოლოგი ზუსტად ამ დროს დამაქვს შინაგანი ხმით. ეს არის ჩემი სიამოვნება და ამ ქალაქთან ჩემებური „ლაციცი". სამაგიეროდ, კარგად ვგრძნობ ხარიხსიან მძღოლს, პროფესიონალს - სქესის მიუხედავად. მყოლია და მყავს ასეთი მეგობრები. ამ საკითხში, მირჩევნია თავი ვანდო, და არა პირიქით.

„სქესი პროფესიებში" ჩემი აღმოჩენილი თემა, რა თქმა უნდა, არ გახლავთ. ეს სულ თემაა. მაგრამ როცა რამდენიმე კვირის წინ, ტაქსი გამოვიძახე და მძღოლი რესპექტაბელური ქალბატონი აღმოჩნდა, თავიდან დავიწყე ამ სტერეოტიპებზე გამოკითხვაც და დიალოგიც. მომეწონა ეს შემთხვევა და რადგან ასეთი განსაკუთრებული ყურადღებით განვეწყვე, მეც სტერეოტიპის მსხვერპლად ჩავთვალე თავი.

კარგი გარეგნობის და კარგი მეტყველების სასიამოვნო ქალი საჭესთან სრული სიდინჯით იჯდა და თან მიყვებოდა მის ისტორიას. ასეთ დროს, თვითონ ხმამაღლა გეტყვის თუ არა, მაინც გრძნობ, რომ პროფესიის არჩევანის ბექგრაუნდი მაინც ოჯახური დრამაა (ესეც სტერეოტიპული შეგრძნება, სხვათაშორის). და სამწუხაროდ, ასეც იყო: მკრთალი ფერებით მონათხრობი, მაგრამ მაინც მოწყვლადი და „მსხვერპლური", მერე ტკივილებგამოვლილი, დეპრესიაგადალახული და ფეხზე წამომდგარი - საკუთარი გადაწყვეტილებით გავაჟკაცებული, შვილების ზრუნვაში და გონივრულ მიზნამდე მისული!

მეც გავთამამდი და ჩვენი ქალთა ფონდ „სოხუმის" საქმიანობით ისიც შევათამამე. სამწუხაროდ, მაშინ არ იცოდა ჩვენს შესახებ. გული დამწყდა. გულწრფელად გითხრაო? - მკითხა. კითქო. მაინც ვერ შევძლებდი ალბათ თქვენამდე მოსვლას, მომერიდებოდა, არადა, როგორ გვჭირდებითო.

მოვუყევი ათასი ამბავი იმაზე, როგორ გაბედეს სხვებმა და გადმოაბიჯეს ქალთა ფონდ „სოხუმის" ზღურბლს. როგორები გახდნენ ამის შემდეგ. ახალ პროფესიებს როგორ დაეუფლენ, როგორ შეიყვარეს თავიდან საკუთარი თავი და საკუთარი გარეგნობა, საკუთარი სქესი! მოვუყევი, რომ ჩვენ რეალურად ვაძლიერებთ ქალებს!

მისი მგზავრებთან დიალოგები ერთი სრულტანიანი სტატისტიკაა. ძირითადად ასეთი შეკითხვებით ან „რჩევებით" თურმე - „რა გაუჭირდა შენს ქმარს ასეთი?" „- არ ხარ გათხოვილი, ხო, თუ არა, სახლიდან ამ საქმეზე როგორ გამოგვიშვებდნენ?" „- კაცო, გცემ პატივს და არ იპორწიალო ასე ქუჩა-ქუჩა ამ ანგელოზივით ქალმა" , „-არ მითხრა ახლა, ამით ვარჩენ ოჯახსო. ერთობი ალბათ, თორე რა ქალის საქმეა ეს" .. და ასე შემდეგ.

როცა დავშორდი ჩემს ახალ ნაცნობს, პირველ ქალ მძღოლებზე გავაგრძელე ფიქრი.

პირველი, ვინც გამახსენდა, დიდებული ბერტა ბენცი იყო.

ბერტა- ლეგენდარული ქალი. იმ ქალების სერიიდან, ვინც მამაკაცების წარმატება უზრუნველყვეს. მისი ნიჭიერი, მაგრამ გაუბედავი ქმრის, კარლ ბენცის კარიერული მომავალიც, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ბერტას კრეატიულობამ განსაზღვრა!

ჩემი ბლოგის პოსტერიც ზუსტად იმ ისტორიიდანაა, როცა ბერტამ, მის ორ შვილთან ერთად, დამოუკიდებლად მოგზაურობა გადაწყვიტა და სამყაროს დაუმტკიცა, რომ მისი მეუღლის გამოგონება და „ეშმაკისეული ბორბლებიანი" ინოვაცია მთლიანად შეცვლიდა მსოფლიოს!

კარლთან შეუთანხმებლად, კარლის ერთ-ერთი ხელჩქნეულობის და სასოწარკვეთის დროს, ქმრისგანვე მალულად, დაჯდა ამ უცხო კონსტრუქციის საჭესთან და მშობლების სახლამდე 106 კილომეტრი გაიარა, გაოცებული ადამიანებით გარშემორტყმულმა და მათგანვე შეუთამამებელმა, ეჭვების და ღვთის რისხვის კორიდორში, ბევრი დაბრკოლებით, აფთიაქებში ხვეწნით ნაყიდი ბენზინით და აღმართებზე ხელით აყვანილი მანქანით.

სწორედ ამ „ისტორიულ მსვლელობას" მოყვა მისივე პრაქტიკული რჩევები და შენიშვნები მექანიზმის და ძრავის გაუმჯობესებაზე.

ბერტა ბენცმა აჩუქა სამყაროს კარლ ბენცის და მომავალში დიდი საავტომობილო ინდუსტრიის პირველი წარმატებული შვილობილი!

ეს იყო 1888 წელი.

და ზუსტად 2 წლის შემდეგ, ამერიკაში, გამოჩნდა ვინმე ენ რეინსფორდ ფრენჩი, პირველი ლიცენზირებული მძღოლი ვაშინგტონში, რომლის საფლავის ქვაზეც ასეთი ეპიტაფიაა: „პირველი ქალი, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება ჰქონდა ამერიკაში" ("first woman licensed to drive an automobile in America").

ჰოდა, იქნებ, როდესმე დაკარგოს ძალა სიტყვებმა „ოხ, ეს ქალი საჭესთან" .. უბრალოდ, უხერხულია, მეგობრებო. ქალიც და კაციც, ხომ სასურველია იმ საქმეში, რომელშიც კარგად ავლენს თავს და ამას სულ არ ჭირდება სქესის შეჯიბრი.

წარმატების ისტორიები
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
Made on
Tilda