ისტორია N31
წარმატება და ტკივილი

ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ჩემი ბლოგის ანონიმური რესპონდენტი წარმატებული ადამიანია. ისე, ვერც რესპონდენტს დავარქმევ. უბრალოდ, ვისაუბრეთ, აზრები გავცვალეთ და დავიშალეთ. მისი ისტორია ოდრი ჰეპბერნის ბიოგრაფიას რა თქმა უნდა არ იმეორებს, მაგრამ უყვარს, როგორც იდეალური ქალის ერთგვარი სურათ-ხატი და ჩავიფიქრე, რომ მისით შთაგონებულ ბლოგს აუცილებლად ლეგენდარული „ტიფანის" პროტაგონისტით დავამშვენებდი. მერე ერთ ადგილზე, ოდრის უნაკლო გარეგნობის ამ ტრავმით დაჩრდილვის art-ს წავაწყდი, რაც ალბათ რომელიმე „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" კამპანიის პოსტერი გახლდათ და ზუსტად მაგრძნობიებდა ჩემი წერის მიზეზს. მიყვარს ასეთი დამთხვევები.

ძნელია ვარსკვლავური ხიბლიდან გამოვიდე და ჩვეულებრივი ადამიანის ტკივილებზე ვწერო. რადგან ვარსკვლავებთან, ძალადობიდან წარმატებისკენ გზა კიდევ უფრო დრამატული და მძიმეა. ოდრის ტრავმებთან რას მივა ჩვენი მოსაყოლი თავგადასავლები, მაგრამ მაინც ჩვენს დროში უნდა დავბრუნდე:

ჩემი პერსონაჟის ისტორია, როგორც ყველა სხვა, სიყვარულით იწყება. ორი მკაფიო ხასიათის და წარმატების სურვილით სავსე ადამიანის ახალგაზრდა, მჩქეფარე სიყვარულით. ვიღაცამ გათხოვებამდეც ცალყბად უთხრა, რომ ბიჭი ცოტა უხეში და გაუზრდელია, მაგრამ გრძნობებისგან ასე ადვილად, სხვების სიტყვებით ვინ აღწევს თავს? ისიც გულისთქმას გაჰყვა. საკუთარი თავი ეიმედებოდა. არც უფიქრია, რომ როდესმე „ძალადობა" მისი ბიოგრაფიის ხშირი და დამაბნეველი ბგერათაშეთანხმება გახდებოდა. წლები დასჭირდა ამის გააზრებას და მასთან ერთად სიარულს.

ტრადიციული ოჯახი, ხშირი სტუმრებით, სოციალურად დაცული და ერთი შეხედვით, გამართლებული გარემო იყო. პატარა ქალაქებში პატარა განსხვავებაც დიდად ჩანს: საკუთარი მშობლების მდგომარეობას, ქმრის მშობლები ჯაბნიდნენ- ისე, უმტკივნეულოდ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ეს სხვაობა ყველა თემაში უფრო მზარდი მასშტაბით პროეცირდებოდა და მუქდებოდა. წყვილის უდარდელობაც თანდათან გამუქდა და დამძიმდა. მარტივი კონფლიქტები მარტივად აღარ გვარდებოდა. შვილებზე თანასწორი ზრუნვა მხოლოდ დედის პასუხიმგებლობა გახდა. „კარიერა -ქმარს, ოჯახი -ცოლს" -ეს ფორმულა ყველასთვის გახდა მისაღები და ასატანი, ქალის გარდა, რომელსაც ამ ტკივილამდე, ბევრი სხვა ტკივილის თმენამ მოუწია. ნელ-ნელა სიტყვიერი შურაცხყოფა ფიზიკურ შურაცხყოფებში თითქოს ბუნებრივად გადაიზარდა. „შენ უარესი არ გინახავს" - არ გაკვირვებია არცერთის მშობელს. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე უარესი. გაუსაძლისი პერიოდი ქმრის კარიერის გაფუჭებამ თითქმის აუტანელი გახადა.

„მოდიოდა, ან სულაც სახლში იყო მთელი დღე და ვხედავდი როგორ ვერ გვიტანდა ვერც მე და ვერც ვერავის. არც ბავშვებთან შეეძლო ურთიერთობა მშვიდად და ტკბილად. შვილებსაც დაეწყოთ მამის გაუცხოება, შიში, უცნაური დისტანცია, თანაც მოზარდობის ეტაპზე. ვერავისთან ვამბობდი რაში მიწევდა ყოველდღე სულშეგუბებული ყოფნა. არ ვიცოდი, რომელ ჩემს სიტყვაზე ამოვარდებოდა ქარიშხალი და წამლეკავდა. პირდაპირ არა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ საკუთარ წარუმატებლობაში მე და ჩემს მშობლებს ადანაშაულებდა. თითქოს ზედმეტი ტვირთი გავხდით მეც და ბავშვებიც. ვერავისთან ვამბობდი სინამდვილეს. ჯერ კიდევ „კარგ ოჯახად" ვითვლებოდით და არც კი მიფიქრია რამით დამეცვა თავი. საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე დიდი ხნის წინ მქონდა ხელი ჩაქნეული.."

ერთ დღესაც, ბაზარში, ჩვენი ბლოგის გმირი ძველ მეგობარს შეხვდა. ხომ არის დღეები უცებ რომ ვერ ერევი საკუთარ სევდას და სათქმელს ბოლომდე ამოყრი? ჰოდა, ასე დაემართა. აქედან დაიწყო ახალი გზის ჩანაფიქრიც და ბრძოლის სწავლაც - გადაერჩინა საკუთარი თავი და შვილები. ვინც იცის ეს რა რთულია, მასთან მოყოლა აღარ დამჭირდება გატეხილ ღამეებზე და ყველა მოვლენის სულ სხვაგვარ აღქმაზე. საკუთარ ცხოვრებაზე ისე იწყებ დაკვირვებას, თითქოს შენ თვითონ არ ცხოვრობ. თითქოს სხვა ადამიანია შენს როლში. ნელ-ნელა გრძნობ რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი - ქმარი, რომელიც მტერივით გექცევა, - უცნაურად შორი და უცხო გახდა. აკვირდები და იწყებ გამოსავლის ძიებას, მაგრამ ეს უკვე ბრძოლის მეთოდებია და არა ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც გინდოდა გქონოდა როცა სიყვარულით იყავი ფრთაშესხმული...

„ვგრძნობდი, რომ რაღაც უცხო ბრძოლაში შევედი. ჩემთვის უცხო ცხოვრების წესში. ვკითხულობდი იმ ჩემი მეგობრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს, ფსიქოლოგების რჩევებს, ქალთა ორგანიზაციების საიტებს. ვხვდებოდი, რომ უხილავი ქალები ვართ და თან ძალიან ბევრი, რომელსაც საერთო პრობლემა გვაქვს - ძალადობისგან თავის დაღწევა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების გამბედაობის წყურვილი. ამაში ვიწვალე თვეების და თითქმის ერთი წლის მანძილზე. მეგონა მონსტრთან ვაგრძელებდი ცხოვრებას და ყველა დღე მძიმდებოდა მისი გაუსაძლისი ხასიათით. ჩემი ლანძღვით და ხშირად ფიზიკური შურაცხყოფით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში შესვლაზე კარგა ხანია უარი მქონდა ნათქვამი. არ განვსჯიდი, არ ვწუწუნებდი, მაგრამ ეს მაინც არ აცხრობდა. ხანდახან პირიქით, უფრო აცოფებდა და აღარ ვიცოდი რა მექნა".

ამ განცდებით გადმოაბიჯა ჩვენმა რესპონდენტმა ქალთა ფონდ „სოხუმის" ზღურბლზეც და წყნარად, მშვიდად, თითქმის უხმოდ, საკუთარი უნარების ახალი ძიება დაიწყო...

წლები დასჭირდა ყველაფერი მძიმე მოგონებად რომ ქცეულიყო. შინაგანი ბრძოლა არასდროს შუწყვეტია, სანამ გამართული არ დადგა საკუთარი მომავლის გზაზე. ისწავლა ახალი პროფესია. ისწავლა ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რაც პირველი შოკი გახდა მოძალადე ქმრისთვის. სიტყვებმა გაათავისუფლა დიდი სულიერი ტკივილისგან და ახალმა საქმემ ბედნიერების განცდა თავიდან აჩუქა.

არავის უნდა გადადგმულმა ნაბიჯმა არ გაუმართლოს და უკან დაბრუნდეს. მაგრამ როცა ამის გარეშე, გრძნობ - უფსკრულია, მაშინ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მანაც ეს გზა აირჩია და დღეს სხვა ქალაქში, შვილებთან ერთად, არაჩვეულებრივი და წარმატებული საქმე აქვს, ძველებურად ბრწყინავს და სიცოცხლე უხარია. თვლის, რომ ქალთა ფონდმა „სოხუმმა" მის ცხოვრებაში მშობლის როლიც შეასრულა, მასწავლებლის და მეგობრის, ერთად. ახლა სხვა პერსპექტივებზე ოცნებობს და ცდილობს, მის გარშემო, ძალადობის მსხვერპლ ქალებს კარგი მაგალითი მისცეს.

რაც შეეხება ოდრი ჰეპბერნის ბიოგრაფიას, ალბათ, ბევრმა იცის რა ტკივილები ჰქონდა წარმატების უკან ამ ვარსკვლავივით არსებას, კეთილშობილს და ულამაზესს, ბევრი ტრავმით და გაუმართლებელი დაწყვილებით, გზადაგზა...

„ქალები ბრძოლაში" - სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სრულიად გარდაუვალი იმისთვის, რომ იცხოვრო!

წარმატების ისტორიები
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
Made on
Tilda